"ბათუმი პირსის" მშენებლობა 2013 წლის ივლისში დასრულდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში განუცხადეს, ასოციაციის წევრმა, კომპანია Battun-მა "ბათუმი პირსის" კომპლექსის მშენებლობა მაისიდან დაიწყო და გახსნის შემდეგ "ბათუმი პირსი" დამსვენებელს სანაპირო ზოლში დასავლური ტიპის მომსახურებას შესთავაზებს.
"ბათუმის ბულვარის ცენტრალური ნაწილის სანაპიროზე განლაგებულ კომპლექსში შედის ტრადიციული კერძების რესტორანი, პიცერია, ბარი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ფასიანი პლაჟი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები"- განმარტავენ ასოციაციაში.
კომპანიის გენერალური დირექტორის მინდია გურგენიძის განცხადებით, სეზონის დაწყების გამო მშენებლობა შეჩერდა, თუმცა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის პიცერია გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ასევე აიგო ზღვაში შეჭრილი 35 მეტრის სიგრძის ხიდი.
Battun-ში აცხადებენ, რომ მომავალი სეზონისთვის დაგეგმილია ხიდის სიგრძის 75 მეტრამდე გაზრდა, რომლის ბოლოშიც ორსართულიანი სასტუმრო აშენდება.
"ბათუმი პირსის" კომპლექსი 7, 900 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამ პროექტში უცხოელი ინვესტორი 4 მილიონი ლარის ინვესტიციების დაბანდებას აპირებს. მიმდინარე მშენებლობაში 2 მილიონი ლარის კაპიტალდაბანდება უკვე განხორციელდა და 72 ადამიანი დასაქმდა.