„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ბათუმში ერას მოედანზე მოსახლეობასთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს, რასაც „ქრისტიან-დემოკრატების" მხარდამჭერი კონცერტი მოყვა. კონცერტში მონაწილეობა მგზავრებმა, ნიკოლშოუმ, ქუჩის ბიჭებმა და ნინი ქარსელაძემ მიიღეს.
გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ, გიორგი ახვლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა აჭარელებს „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პრიორიტეტები და გეგმები დეტალურად გააცნეს.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები" იყვნენ პირველები, გონიოში საკუთრება წართმეული ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. „ქრისტიან-დემოკრატები" პირველები გამოეხმაურნენ საოჯახო სასტუმროების მფლობელების მძიმე მდგომარეობას, რომლებსაც საომარი მოქმედებებისა და სეზონის ჩავარდნის გამო კრედიტები დაუფარავი დარჩათ.
„ამ მხარდაჭერის შემხედვარე მე შემიძლია ძალიან ნათლად ვთქვა, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, არანაირი ბარიერი, არანაირი ზღუდე, რომელიც ქართულ „ქრისტიან-დემოკრატიას" ქართველ ხალხთან ერთად იმ მიზნის მიღწევაში წინ გადაეღობება, რასაც ქვია ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.