„გაერთიანებული ტელეკომი" აგრძელებს თბილისის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. უკვე 2 თვეა 93 ინდექსის ზონაში მიმდინარეობს გამანაწილებელი კარადების მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს კარადების როგორც ფასადურ ცვლილებას, ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას და დამატებითი აპარატურის მონტაჟს. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღებას.
93 ინდექსის ზონაში ამჟამად მოდერნიზებულია 25 კარადა, დანარჩენი 25 (რუსთაველი, სოლოლაკი, ორთაჭალა) კი უახლოეს პერიოდში გამოიცვლება.
„სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, თითო ეტაპზე იცვლება 10 კარადა. აბონენტების 90 %-ს სატელეფონო მომსახურება 5 დღემდე უწყდება, 10%-ს კი 10 დღემდე. შეფერხების თავიდან ასაცილებლად, იმ კორპორატიულ აბონენტებს, რომელთაც აღნიშნული სამუშაოების დროს უწყდებათ სატელეფონო კავშირი, „გაერთიანებული ტელეკომი" თავაზობს ალტერნატიულ მომსახურებას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჩDMA უკაბელო ტელეფონით, რომელზეც დაპროგრამდება იგივე ნომერი, რითაც სარგებლობს აბონენტი. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია 1X ტექნოლოგიის ინტერნეტის ინსტალაციაც" - განაცხადა ფილიალ „თბილისი-ტელეკომის" ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ქარაზანაშვილმა.
ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია ვაკე-საბურთალოს და დიდუბის რაიონში. მიმდინარე წელს ქალაქის გარეუბნებში დაგეგმილია 200 კარადის მოდერნიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები