,,საქართველოში რუსეთს სურს შიდაარეულობა, რათა განახორციელოს მორიგი ინტერვენცია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქდმ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესების გართულება, პირდაპირ აისახება ჩვენს უსაფრთხოებაზე.
,,ნებისმიერი ტიპის გამოსვლა, ნებისმიერი ტიპის პროტესტი დემოკრატიული ქვეყნისთვის ნორმალური, მაგრამ ჩვენ არ ვიმყოფებით, რუსეთთან ნორმალურ მდგომარეობაში, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რაც ჩრდილოეთიდან მოდის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაფრთხილება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არის ჩვენი მეზობელი, რომელიც კბილებს ილესავს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან პოლიტიკური პროცესების გართულება, პირდაპირ აისახება ჩვენს უსაფრთხოებაზე. Bბუნებრივია, ეს გაფრთხილება რუსეთს აღიზიანებს, რადგან ეს გაღიზიანება კარგად ნათელყოფს, თუ რა გეგმები აქვს რუსეთს. მათ სურთ შიდაარეულობა დაიწყოს და მორიგი ინტერვენცია განახორციელოს", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებას "ყურადღება მიაქცია". განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშვიჩმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენ მივაქციეთ ყურადღება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს. ის ცნობილია თავისი მხარდაჭერით "არაბული რევოლუციებისადმი" და სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციებისადმი.
ამიტომაც მისი მცდელობები აპრიორშივე შეზღუდოს რეაქცია შესაძლო დარღვევებზე დემოკრატიული ნორმებისა საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს, სულ მცირე არათანამიმდევრულად გამოიყურება", _ აცხადებს ალექსანდრე ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში კერძო ვიზიტით ჩავა და "ჩვენ აუცილებლად ვკითხავთ მას ამგვარი მიკერძოებულობის მიზეზს ადამიანების თვითგამოხატვის უფლებისა".
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა ოპოზიცია, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მათი ქუჩაში შესაძლო გამოსვლა კონტრპროდუქტიული იქნება.