საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ლიდერის აიმან აზ-ზავაჰირის ძმამ მუჰამედმა "სი-ენ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში დასავლეთის ქვეყნებსა და კერძოდ, აშშ-ს ისლამისტებთან დაზავება შესთავაზა.
მისივე თქმით, ის მზად არის შუამავლის როლი იკისროს დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და ისლამისტურ ორგანიზაციებს შორის.
"ალ-ქაიდას" ლიდერის ძმა აცხადებს, რომ მას მომზადებული აქვს დაზავების წინადადებები 10 წლის ვადით, რომელთა ძირითადი პუნქტები არის აშშ-სა და დასავლეთის უარი ჩაერიონ ისლამისტური სახელმწიფოებისა და ისლამისტური განათლების შიდა საქმეებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ამ დაზავების წინადადებებში არის ის, რომ ამერიკის ციხეებიდან განთავისუფლებული უნდა იყოს ყველა ის პატიმარი, რომლებიც ისლამისტებთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულები.
ამის სანაცვლოდ, "ალ-ქაიდას" ლიდერის ძმა აცხადებს, რომ ისლამისტური დაჯგუფებები აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ იერიშებს შეწყვეტენ და "ისლამისტურ ქვეყნებში აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების კანონიერ ინტერესებს დაიცავენ", ისინი ასევე პირობას დებენ რომ შეწყვეტენ დასავლეთისა და აშშ-ს პროვოცირებას.
ამას გარდა, მუჰამედ აზ-ზავაჰირი აცხადებს, რომ მას საკმარისი გავლენა აქვს ძმაზე და ამიტომაც დარწმუნებულია, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი მას მოუსმენს. ამასთან ერთად მუჰამედმა ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ ის და მისი ძმა უკვე 10 წელიწადია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს დაახლოებით ამგვარივე სამშვიდობო დაზავების წინადადებით გამოვიდა "ალ-ქაიდას" მაშინდელი ლიდერი უსამა ბინ ლადენი, თუმცა ამის შემდეგ ლონდონის მეტროში მოხდა ტერაქტი, რომელმაც 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თავად მუჰამედ აზ-ზავაჰირმა ეგვიპტის ციხეებში დაახლოებით 14 წელი გაატარა. მიმდინარე წლის აპრილში მან მონაწილეობა მიიღო ეგვიპტეში ტაჰრირის მოედანზე გამართულ დემონსტრაციაში. მიმდინარე წლის მარტში მუჰამედი ეგვიპტის ტრიბუნალმა გაამართლა, რომელიც ექსტრემიზმსა და 30 წლის წინ ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ სადატის მკვლელობაში იყო ბრალდებული.