შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მიმდინარეობის შემოწმებას აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ ჭიაბერაშვილი კლინიკა „ტრავმატოლოგს" ესტუმრა და ის პაციენტები მოინახულა, რომლებმაც ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში უკვე სხვდასხვა ტიპის გეგმიური ოპერაციები ჩაიტარეს.
ამ ეტაპზე, კლინიკა „ტრავმატოლოგში" სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით დაზღვეული 4 პაციენტი მკურნალობს. მათგან 2 პენსიონერი, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და 1 მცირეწლოვანი ბავშვია. ორ პაციენტს სხადასხვა ტრავმული დაზიანებების გამო უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, დანარჩენი ორის ოპერაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება.
მთლიანობაში კლინიკა "ტრავმატოლოგი" 2012 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე 22 პაციენტს მოემსახურა.
მოგვიანებით ზურაბ ჭიაბერაშვილი კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალსაც გაესაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეულთათვის გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.
შპს „ტრავმატოლოგი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრია. აქ პაციენტებს ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული, ყბა-სახის ქირურგიული, სისხლძარღვთა ქირურგიული, საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური და სხვა მომსახურებების მიღება შეუძლიათ. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. შესაბამისად, სექტემბრიდან ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობამ მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწია, რაც თავისთავად ზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.