"ნურას უკაცრავად, ეს ქვეყანა იმისთვის არ აგვიშენებია, რომ თქვენისთანა მნგრეველებს, მღრღნელებს გადმოვაბაროთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში იუსტიციის სახლის გახსნისას და აღნიშნა, რომ საქართველო წინსვლას გააგრძელებს.
"სამი დღის წინ საქართველომ მთელ მსოფლიოს, ვისაც აინტერესებს ჩვენი ბედი, დაანახა, რომ ქართველი მრავალეთნიკური ჩვენი ერი არის ერთიანი. ამდენი ხალხი საქართველოში ერთად არასოდეს გამოსულა. ნახეთ, რამდენი ადამიანი შევიკრიბეთ მარნეულში. ავაშენეთ ეს ყველაფერი. მინდა ვუთხრა მათ, ვისაც გრძელი სია აქვთ დასანგრევი ობიექტების, დასაჭერი ხალხის - მათ შორის, ჩვენი პედაგოგების, მათ შორის, გუშინ უკვე ჩვენს პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს დაემუქრნენ დაგსჯითო - ნურას უკაცრავად, ეს ქვეყანა იმისთვის არ აგვიშენებია, რომ თქვენისთანა მნგრეველებს, მღრღნელებს გადმოვაბაროთ. საქართველო წინსვლას გააგრძელებს. ჩვენი ხალხი არ დაუშვებს ნგრევას, უკან დაბრუნებას. ჩვენი ხალხი არ დაუშვებს იმ კორუფციას, რომელიც იყო. ახლა უნდა ვიაროთ წინ ყველამ, ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და ჩვენი მრავალეთნიკური საამაყო სამშობლო სამშვიდობოზე გადავიყვანოთ", _ განაცხადა სააკაშვილმა.