უწყებათაშორისი კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი სივრცე შეზღუდულია და ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის წევრმა თამარ კინწურაშვილმა განუცხადა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სააგიტაციო მასალის განსათავსებლად, ადგილები გამოყო, თუმცა გარკვეულ რეგიონებში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი სივრცე შეზღუდულია.
კინწურაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს და მოუწოდებს, გააფართოონ იმ ადგილების არეალი, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება იქნება შესაძლებელი.
"ასეთი ქმედებები მხოლოდ შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში უნდა იყოს შეზღუდული: კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, საგზაო ნიშნებზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ კულტურულ-ეკონომიკურ, ცალკეული არქიტექტურულ ობიექტებზე და მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების მქონე ადგილებში. შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს ელექტრონულ ბოძებზე. ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის განთავსება კერძო პირების, ან ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ შენობებზე, მათ მფლობელთა თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს", - განაცხადა კინწურაშვილმა და აღნიშნა, რომ
უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართავს, მოახდინოს საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება იმ ადგილების შესახებ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსებაზე შეზღუდვა გავრცელდება.