ბათუმთან დაძმობილებული ქალაქი იალოვა (თურქეთი) სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ქალაქ იალოვის სამთავრობო დელეგაციამ ბათუმში ვიზიტისას აღნიშნა. ისინი ბათუმში ბათუმელობის დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში იალოვას მერის მოადგილეს ნუმან ოსკანს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ბათუმსა და თურქეთის ქალაქ იალოვას შორის დამეგობრების მემორანდუმი ოთხი თვის წინ გაფორმდა. დოკუმენტი ორ ქალაქს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.