ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერები ამერიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
,,თქვენ ნახეთ როგორი წარმომადგენლობითი იყო დელეგაცია. თქვენ იცით, რომ დელეგაციის წევრები წარმოგზავნილები არიან პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისგან. დელეგაციის ძალიან შთაბბეჭდავი შემადგენლობა იყო. თვითონ ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გამოხატავს და ხაზს უსვამს, იმას, თუ როგორ დიდი ყურადღებას აქცევს აშშ პირადად პრეზიდენტი და ქალბატონი კლინტონი, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. დელაგაციის წევრები კარგად იცნობენ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. ჩვენც მათ დავეხმარეთ და დამატებითი ფაქტები მივაწოდეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რო თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია იმყოფება.
ის უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს.
დელეგაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან არის დაკომპლექტებული.
ვიზიტის ფარგლებში, ტომას მელია შეხვედრებს ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს. ის ასევე მთავრობის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდება.