"როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები ნატოსათვის გაკვეთილად არ გამოდგა და ალიანსი თბილისისათვის "გამამხნევებელი" სიგნალების" გაგზავნას განაგრძობს", - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ნატოს გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ საქართველოში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ამ განცხადებას. მასში არ არის რაღაც ახალი ელემენტები იმ გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომელიც ბუქარესტში იქნა მიღებული და რომლის დროსაც გამოცხადდა, რომ "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი".
ამასთან ერთად, მსგავსი გამონათვამები ადასტურებს იმასაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები ნატოსათვის გაკვეთილად არ გამოდგა და ალიანსი თბილისისათვის "გამამხნევებელი" სიგნალების" გაგზავნას განაგრძობს",_აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ "ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიცია კარგადაა ცნობილი".
მისივე თქმით, იმ თემის განვრცობა, რომელიც საქარველოს ნატოს წევრობას ეხება "არავის უსაფრთხოებას არ ამყარებს".
"ისინი აქეზებენ საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ განწყობილებებს და აძლიერებენ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში. რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების რეალური წვლილი კი იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს მხროდან მეზობლების მიმართ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერა", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.