"ხელისუფლება ,,ქართული ოცნების" მიმართ ქვების სროლის პოლიტიკას აგრძელებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ თელავში აქციის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა უცნობმა 20 პირმა ,,ქართული ოცნების" აქციის სამი მონაწილე, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ გადმოსული სცემეს.
,,აქციის დასრულების შემდეგ, 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 40 წლის ხიზირ გაურგაშვილი სახლში ბრუნდებობნენ. უცბად, ატყდა ჩხუბი და ოცამდე ახალგაზრდა თავს დაესხა და სცემეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ განაცხადა საავადმყოფოში რამდენიმე წუთის შემდეგ თელავის რაიონის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც დაკითხვაზე ჰყავდათ.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ბრალდება წაუყენეს ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.
,, თელავის შსს რაიონული სამმართველოში კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუ რა მუხლითაა საქმე აღძრული და რა ბრალდებით არიან დაკავებული პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხიზირ ქუშანაშვილი დღეს დილით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს.
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართეს.
,,ეს ფაქტი უწყებათაშორის კომისიაშია გაგზავნილი და ველოდებით, პასუხს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ თელავში ,,ქართული ოცნების" აქცია გაიმართა.