დღევანდელი კანონიერი ქურდი უმუშევრობაა და მასაც უნდა ამოეკვეთოს ფეხი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტის სასახლეში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ დღეს დავსვამთ შეკითხვას, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინ, რა თქმა უნდა ყველა იტყვის რომ არის.
"ამის მიუხედავად საქართველო ჯერ არ არის ისეთი, როგორიც ეკადრება ქართველ ხალხს და როგორიც სურს რომ იყოს. ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა უნდა გაგრძელდეს მომავალ წლებშიც. დღეს არის გაჭირვებაც და პრობლემებიც, მაგრამ ყველა ოჯახმა იგრძნო, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანაა, იმიტომ რომ დედებს აღარ ეშინიათ შვილების ღამით გაშვება, ქვეყანა განათდა, აღარავინ ამცირებს ადამიანებს და აღარ სთხოვს ფულს. ნაგვის და ვირთხების ქალაქის ნაცვლად, თბილისი დღეს სინათლის და სისუფთავის ქალაქია", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ადამიანებს ექიმების დანახვის აღარ უნდა ეშინოდეთ და ამ ბრძოლაში ერთობაა საჭირო.
"უკან გველოდება იგივე უფსკრული - შევარდნაძის სიბნელე, კახა თარგამაძის ფეოდალიზმი და მექრთამეობა. კრიტიკას ვერ მივიღებთ მისგან, ვინც 10 წლის წინ მილიონებს შოულობდა თქვენი წილი ელექტროენერგიის გაყიდვით, ყაჩაღების სათარეშოდ გტოვებდათ და თავად კარგად ცხოვრობდა, გყვლეფდათ და ქრთამს გართმევდათ. იყვნენ უკმაყოფილოები, რადგან მათი კმაყოფიელბა ნიშნავს ჩაბნელებულ საქართველოს, გაყინულ პენსიას, კრიმინალის და ქურდის ბოგინს და დანარჩენი 5 მილიონი იყავით კმაყოფილი იმით, რასაც გავაკეთებთ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.