ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მხრივ ჩვენს რეგიონშიც განხორციელდება, 22 ათასამდე გაიზრდება ბენეფიციართა რიცხვი, ასევე სახელმწიფოს მიერ 100 ათასზე მეტი პირი სოციალურ დახმარებას მიიღებს. სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით პედაგოგებიც ისარგებლებენ. ახალი პროგრამის თანახმად, 4 დაავადებაზე პირველადი მოხმარების მედიკამენტებს სახელმწიფო 50 პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაიხდის. საუბარია იმაზეც რომ შესაძლოა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა სამი წლით გაგრძელდეს.
ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში შესაძლოა "100 საავადმყოფოს" პროგრამამ მცირედი სახეცვლილება განიცადოს. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები რაიონებში მცირე კლინიკებს ააშენებენ. იმის გამო რომ ბლოკ ჯორჯიამ საავადმყოფოებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა, აღნიშნულ კომპანიას, საქართველოს მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რათა ვალდებულებების საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს.
აჭარაში არსებული საავადმყოფოები კვლავ *ბლოკ ჯორჯიას~ მიერ აღებული ვალდებულების შAესრულების მოლოდინში არიან. სხვა საავადმყოფოებისგან განსხვავებით ბოლო დროს ცვლილებები შეიმჩნევა ბათუმის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, რომელიც რამდენიმე ერთეული თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, *ბლოკ ჯორჯია~ სტაციონარის ადმინისტრაციულ საქმიანობაში არ ერევა, თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ საავადმყოფოს ყველა ის აპარატურა მიაწოდა, რაც დაუკვეთა.
პირველი კლინიკური საავადმყოფოთი სამი თვეა, რაც პროკურატურა დაინტერესდა. თუმცა ამის მიზეზს ვერც საავადმყოფოს ადმინისტრაცია და ვერც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ასახელებს.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საავადმყოფოების ბედი საბოლოოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.