საქართველო-ბელარუსის მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის თავკაცებმა, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში მიაკითხეს ჟურნალისტებს და მათ კითხვებს გასცეს პასუხები.
გეორგი კონდრატიევი (ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „როგორც ნახეთ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. თითქოს წაგება არ გვყოფნიდა, ჩვენი გუნდის სამმა ფეხბურთელმა ისეთი ტრავმები მიიღეს, ფრანგებთან მათი იმედი ვერ მექნება.
ერთადერთი შეცდომა დავუშვით დაცვაში და დავისაჯეთ. შემდეგ მეტოქე დაცვაში „ჩაჯდა" და ასეთ სიტუაციაში გოლის გატანა ძალიან რთული იყო. მინდა მივულოცო მეტოქეს წარმატება".
თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, მინდა ჩემს გუნდს დიდი მადლობა ვუთხრა თავდადებული თამაშისთვის. არც ისე ცუდი თამაში იყო. ბელარუსი რომ ცუდი გუნდი არაა, ალბათ დამეთანხმებით. გაიხსენეთ როგორ ეთამაშნენ წინა შესარჩევ ციკლში ფრანგებს. ამდენად, ჩვენთვის კიდევ უფრო საპატიოა შესარჩევი ციკლის ასეთ გუნდთან გამარჯვებით დაწყება.
გუნდში კარგად ესმით რა ტვირთი აწევთ მათ. იმედი მაქვს, ასეთივე პასუხისმგებლობით გააგრძელებენ ასპარეზობას. კარგია ნაკრებში ისეთი ახალგაზრდები რომ გამოჩნდნენ, ვისაც ორივე ტაიმი სირბილი შეუძლია. იმიტომაა, რომ მეორე ნახევარში უკეთ გამოვიყურებოდით. ეს ახლა არ ყოფილა პირველად - ბოლო 4 თამაში სულ ასეა.
მადლობა მინდა იმ გულშემატკივარს ვუთხრა, ვინც დღეს მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. ვიცი, ესპანეთთან ბოლომდე გაივსება ტრიბუნები, მაგრამ იქ უმეტესობა მეტოქის საყურებლად იქნება მოსული. აი, ესაა ქართული მენტალიტეტი - სხვას უფრო ვაფასებთ".
sporttime.ge