10-12 სექტემბერს აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტომას მელია უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
"დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგადაც ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს, რომლის დროსაც დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; აგრეთვე სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი", - აცხადებენ საელჩოში.