1-ელ ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, აშშ-ში საარჩევნო უბნები გახანგრძლივებული რეჟიმით იმუშავებს, რადგანაც ეს დღე სამუშაო დღეა, ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
"სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ჩვენ არ ვაპირებთ შევზღუდოთ ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობა, გააკეთთონ საკუთარი არჩევანი. ვიღაცას შეიძლება დააგვიანდეს და ამიტომ ჩვენი სამუშაო დღე გახანგრძლივდება, რათა ყველას ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. საარჩევნო უბნები გაიხსნება ვაშინტონსა და ნიუ-იორკში. კარგი იქნებოდა ერთი უბნის გახსნა ლოს-ანჯელესში, სადაც ასევე ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ამის გაკეთება გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო არ შეგვიძლია", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, საკონსულო მუშაობს პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პროცედურების შესახებ. რაც შეეხება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადას, ეს თარიღი 10 სექტემბრამდეა გაგრძელებული.
იმის გამო, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერაც გრძელდება, იაკობაშვილმა ვერ დააზუსტა, რამდენი ადამიანი იმყოფება აშშ-ში საკონსულიო აღრიცხვაზე. არალეგალებთან დაკავშირებით, იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ "თუ ისინი წარმომიდგენენ ყველა აუცილებენ დოკუმენტებს, ხმის მიცემის პრობლემა არ ექნებათ".
"არალეგალებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ მონაწილეობას თუ არა. ზოგიერთებს არ აქვთ კონტაქტი საელჩოსთან. საქართველოს მოქალაქე ჩვენთვის არის საქართველოს მოქალაქე და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ის არაგელაგალია თუ არა", - განაცხადა იაკობაშვილმა.