ხვალ, 8 სექტემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობას გამართავს", _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისში დაგეგმილი ყრილობა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე გაიმართება. მას მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თაქთაქიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართება. როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, ყრილობაზე მიწვეული არიან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
თაქთაქიშვილის განმარტებით, ყრილობები კულტურული პროგრამით დაიწყება, შემდეგ გამოვლენ ლიდერები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ პროგრამას "მეტი სარგებელი ხალხს".
თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ ყრილობისთვის საჭირო ყველა ხარჯს პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი გაიღებს და შესაბამისად, აუდიტის სამსახურს გეგმური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ყრილობა 11:00 საათზე დაიწყება, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის შენობის წინ - 12:00 საათზე; ბათუმში, ერას მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ - 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, თბილისში - სპორტის სასახლეში ყრილობა 19:00 საათზე დაიწყება, _ განაცხდა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ ყრილობას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე.
თაქთაქიშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი.