8 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კულტურის სახლში იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მართავს მე-2 რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას (საერთო კრებას).
ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები. ყრილობაზე მიწვეულნი არიან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და ზესტაფონის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები, ასევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა.
ყრილობაზე განხილული იქნება საანგარიშო პერიოდში პროფკავშირის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში. ასევე განხილული იქნება ქარხნის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის წარმოქმნილი კლექტიური დავების საფუძვლები და მიზეზები. შეჯამებული იქნება საანგარიშო პერიოდში მომხდარი საგაფიცვო მოვლენების შედეგად მიღწეული შედეგები.
ყრილობაზე წარმოდგენილი იქნება იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციასთან დასადები კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი.
ყრილობაზე დამტკიცდება იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის 2012 წლის 11 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილებები წესდებაში შესატან ცვლილებებთან და პროფკავშირის კოლეგიალური ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით.