"NDI-ის კითხვაზე კიდევ დამატებით შეკითხვა გიჩნდება. საერთოდ, ესენი პროფესიონალები არ არიან", _ განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა NDI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას ნაწილობრივ ენდობა.
"NDI-ის კითხვაზე კიდევ დამატებითი შეკითხვა გიჩნდება. საერთოდ, ესენი პროფესიონალები არ არიან. ამერიკაში მათ გამოკითხვა არასოდეს ჩაუტარებიათ, მაგრამ რასაც აკეთებენ, აკეთებენ. პრინციპში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ კვლევის შედეგებს ნაწილობრივ ენდობა.
"კვლევას ნაწილობრივ ვენდობი. NDI-ის პასუხებშიც დიდი წინააღმდეგობა იგრძნობა. მგონია, ახლა 10-12% რეიტინგი დამიწერეს. წინაზე კი 27% აპირებდა ქუჩაში გამოყოლას. ახლა არ ვიცი რამდენი აპირებს არ გამიანალიზებია", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 22% უცხადებს მხარდაჭერას.
კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.