"მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის დამატებითი პასუხისმგებლობა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა გვაკისრებს", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პრესპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა NDI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების კომენტირებისას.
"მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის დამატებითი პასუხისმგებლობა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა გვაკისრებს. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ საქართველოს მოქალქეების წინაშე დღეს არსებული მძაფრი პრობლემები - ეს გახლავთ დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, სოფლის მეურნეობის გაძლიერების პრობლემა - გადაჭრილი იყოს", _ განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის გამოიყენებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე დარჩენილ დროს გამოიყენებს, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და აუხსნას, თუ რა პროგრამის განხორციელებას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა", _ განაცხადა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. NDI-ის კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 37% უცხადებს მხარდაჭერას.
კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.