,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის ვიზიტს ეხმიანება. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა საქართველოში რასმუსენის ვიზიტი მნიშვნელოვანი ფაქტია.
,,გუშინ კიდევ ერთხელ შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში, რაც, თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან სწორედ ახლა არის ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი პერიოდი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ საქართველო თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო დაუხლოვდა ნატოს და რუსეთის გეგმა, სამხედრო აგრესიით შეეშალა ხელი საქართველოს გაწევრიანების პროცესისათვის, ჩაიშალა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი, გამაფრთხილებელი გზავნილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, _ განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება" საქართველოს ევროატლანტიკრ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
,,მაშინ, როდესაც დემოკრატიული თანამეგობრობა, მათ შორის: პრეზიდენტი ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კამერონი და ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერები ერთხმად უცხადებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, „ქართული ოცნება" ღიად გამოდის საქართველოს ამ, მართლაც, ისტორიული არჩევანის წინააღდეგ", _ განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, ,,ამბასადორიალი 2012" ფარგლებში სიტყვით გამოვიდა და ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილა.