შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე ბექა ჯიქიძე დააკავა.
შსს-ის ინფორმაციით, ჯიქიძემ 2012 წლის 1 სექტემბერს ექვს პირთან ერთად დანის მუქარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს ფულადი თანხა გასტაცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლომ ბექა ჯიქიძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ბექა ჯიქიძე კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია.
გუშინ მისმა ადვოკატმა თედო კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ბექა ჯიქიძე პირველ სექტემბერს 6 საათამდე დააკავეს და "48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც ამ დრომდე მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, დღეს 18:00 საათზე უნდა გაეთავისუფლებინათ".
"ბექა ჯიქიძის მიერ მეორე დღესვე დაიწერა საჩივარი, სახალხო დამცველის, მთავარი პორკურორისა და უწყებათაშორის კომისიის ხელმძღვანელთა სახელზე. წერილები ადრესატებამდე მისულია, რომელშიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიუთითებს, რომ ის დაკავებულია 18 საათამდე", - აცხადებდა კობახიძე.
წუხელ, ჯიქიძის გათავისუფლების მოთხოვნით, ”ქართული ოცნების” აქტივისტებმა აქციაც გამართეს.