„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარემ და დეპუტატობის კანდიდატმა, ლელა გულედანმა პარტიის სათავო ოფისში პრესკონფერენცია გამართა და დევნილებს მიმართა.
ლელა გულედანის განცხადებით, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" საპარლამენტო მოღვაწეობის პირველი დღიდან აქტიურად ახმოვანებს დევნილთა პრობლემებს და იბრძვის ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
მისივე თქმით, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამით ყველა დევნილი საცხოვრებელი პირობებითა და შესაბამისი სადაზღვეო პოლისით იქნება უზრუნველყოფილი. ასევე თითოეული მათგანი თვეში ელექტროენერგიის მოხმარების 100 კვ.სთ შეღავათით ისარგებლებს.
„თამამად შემიძლია მივმართო და ვუთხრა დევნილებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით.იმისთვის, რომ დევნილებმა სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, აუცილებელია „ქრისტიან - დემოკრატებს" დაგვიჭირონ მხარი." - განაცხადა ლელა გულედანმა.