შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, 20 წლის სტუდენტი, ვერიკო აბრალავა მოინახულა და შვილის შეძენა მიულოცა. აბრალავა პირველი სტუდენტია, რომელმაც ახლად ამოქმედებული სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლა და 2 სექტემბერს იმშობიარა.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში ახალი სადაზღვევო პოლისი ათასმა ადამიანმა გამოიყენა. ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში, გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ოთხასამდე მონიტორი შეუფერხებლად მუშაობს.
"დედა-შვილი კარგად გრძნობს თავს, დაზღვეულმა პოლისი ერთი თვის წინ მიიღო და 2 სექტემბერს მშობიარობის ხარჯები სადაზღვევო კომპანიამ დაფარა. დაზღვევამ დაიწყო ამოქმედება და ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი საჭიროებისამებრ მოიხმარს მას", -განაცხადა მინისტრმა.
დაზღვევის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაიზრდება. ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. 1505-ზე მოქალაქეებს ახალი სადაზღვევო პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.