აპოკალიფსი 17 წლის შემდეგ, 2029 წლის 13 აპრილს, გრინვიჩის დროით 04:36 საათზე დადგება. ასეთი გათვლები რუსმა მეცნიერებმა გააკეთეს. მათი მტკიცებით, სწორედ ამ დროს დედამიწას დაეცემა ასტეროიდი Apophis-ი, რომელსაც 65 ათასი ატომური ბომბის ენერგია აქვს. მისი მასა 50 მლნ ტონაა, ხოლო დიამეტრი - 320 მეტრი. მეცნიერები აცხადებენ, რომ ასტეროიდი გადაკვეთს მთვარის ორბიტას და დედამიწისკენ 45 ათასი კმ/სთ სიჩქარით გამოემართება.
"ეს ნამდვილად საშიშია დედამიწისთვის, რადგანაც თუ ასტეროიდი მის ზედაპირზე დაეცემა, მხოლოდ ვარდნისას გამოყოფილი ენერგია ათასობით ატომური ბომბის ენერგიის ტოლი იქნება", - აცხადებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მიხაილ პროხოროვი.
პროხოროვი აღნიშნავს, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა ასტეროიდს დედამიწისკენ შემოაბრუნებს და 2029 წლის 13 აპრილისთვის დედამიწა მისი მთავარი სამიზნე გახდება. ამჟამად მეცნიერები ასტეროიდის ამ სასიკვდილო გზის შეცვლაზე მუშაობენ. მთავარია მისი ორბიტის შეცვლა. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ აუცილებელია მასზე სპეცძრავის დადგმა, ხოლო მეორე ნაწილი კოსმოსური ბირთვული შეჯახების მომხრეა.