"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა ოჩიაური მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პედაგოგებზე თავდასხმას უსაფუძვლოდ ახორციელებს. როგორც ოჩიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათთვის პედაგოგებზე თავდასხმა მიუღებელია.
"ივანიშვილი უსაფუძვლოდ, უსამართლოდა და უზნეოდ ახორციელებს თავდასხმებს საქართველოს პედაგოგებზე. ის პედაგოგებს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში. შეურაცხყოფას აყენებს მათ. ამბობს, რომ ისინი გაუნათლებლები არიან, უმაღლესი განათლების არმქონე პირები, სამას ლარად იყიდებიან და მეტიც: ის ჩვენს პედაგოგებს დასჯითა და დაპატიმრებით ემუქრება", - განაცხადა ოჩიაურმა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მათვის პედაგოგებზე ამ ფორმით თავდასხმა მიუღებელია.
"ყოვლად მიუღებელია ასეთი უზნეო თავდასხმები პედაგოგებზე, რადგან პედაგოგები არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე განათლებული და პატივსაცემი ნაწილი, მათზე ზრუნვა ჩვენი ვალია. ვაცხადებთ, საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რის შედეგადაც გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც განათლების სისტემაში დანერგილი იყო", _ განაცხადა ოჩიაურმა.
შეგახსენებთ: ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი პედაგოგის განთავისუფლებისა და პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.