სოფლის მეურნეობის სამინისტროსა ორგანიზებით, ანაკლიაში სასტუმრო ,,Palm Beach"-ში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის დელეგაციებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ უმასპინძლა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოში ლატვიის ელჩი ელიტა გაველეც მიესალმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საექსპორტო და საინვესტიციო შესაძლებლობებების შესახებ მოხსენებით ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ეთერ ყამარაული წარსდგა, ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და ბაზრის დივერსიფიკაციის შესახებ ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშიამ წარუდგინა.
„დღევენდელ ფორუმს უცხოელებთან ერთად ქართველი ბიზნესმენებიც ესწრებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავებისთვის. აღნიშნული ღონისძიებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ვაჭრობის გაფართოებას როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში, ისე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკის სხვა სექტორებშიც", განაცხადა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებთან საუბისას.
ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია სიდამონიძეც ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ბიზნესმენებს შორის ჯგუფური შეხვედრები გაიმართა და იზმირსა (თურქეთი) და ანაკლიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.