„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი ვარკეთილში მდებარე პოლიკლინიკა „ჯანმრთელობას" პენსიონერ როზა ჩხიკვაძესთან ერთად ესტუმრა და საყოველთაო დაზღვევის პოლისის ფუნქციონირებას დააკვირდა.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, საყოველთაო დაზღვევის პოლისი არ ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენ თანხას.
მისივე თქმით, ქალბატონი როზა ჩხიკვაძე პენსიონერია, რომელიც დიაბეტით არის დაავადებული და ყოველთვიურად 160 ლარის მედიკამენტები ესაჭიროება, რასაც სადაზღვევო პოლისი არ ითვალისწინებს.
მაგდა ანიკაშვილი პოლიკლინიკასთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებსა და საყოველთაო დაზღვევის პოლისის ნაკლოვანებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პენსიონერები, 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაზღვევის პოლისს მიიღებენ, თუმცა მხოლოდ პოლისის მიღება არ არის თვითმიზანი. მთავარი არის ის, რომ პოლისი ანაზღაურებდეს იმ მედიკამენტების თანხას, რომელიც ქრონიკული დაავადებებისთვის არის საჭირო. ამისთვის კი უნდა გაიზარდოს მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, რომელიც ადამიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე წამლებით უზრუნველყოფს." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა