ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება, სადაც ქალაქ ბლედში მეშვიდე ყოველწლიურ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმზე „ევროპა და შეცვლილი მსოფლიო წესრიგი" განიხილება სტრატეგიული თემები, გლობალური ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხები.
ფორუმი ხელს უწყობს მაღალი დონის სტრატეგიულ დიალოგს კერძო და საჯარო სექტორის ლიდერებს შორის ევროპის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე. ფორუმის მიზანია შემუშავდეს ახალი მიდგომები, რაც საშუალებას მისცემს ევროპას უკეთ გამოიყენოს თავისი სტრატეგიული სივრცე და ბერკეტები.
ვიზიტის ფარგლებში თორნიკე გორდაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ სენჩართან და ევროპარლამენტარ ტანია ფაიონთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებს და ევროკავშირთან სავიზო და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესის დინამიკას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, ჩიკაგოს სამიტის შედეგები და საქართველოში წარმატებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი სხვადასხვა სფეროში. საუბარი შეეხო, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრებზე აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებულმა განცხადებებმა ახალი დინამიკა შესძინა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.
ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ძანიერთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გრძელვადიანი და მოკლევადიანი მისიების მოვლინება. მნიშვნელოვნად შეფასდა ეუთოსა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საარჩევნო პროცესის თავისუფლად, გამჭვირვალედ და სამართლიანად მიმდინარეობაში.
შეხვედრები გაიმართა ასევე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ალეხანდრო იარასთან და მეწარმეთა ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ იანეზ პოდობნიკსა და აღმასრულებელ დირექტორ ტომაზ როგელთან.