ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშს ორშაბათს, 3 სექტემბერს გამოაქვეყნებს. ანგარიში 3-27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
როგორც NDI-დან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მიზანი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასებაა. ანგარიში ასახავს სამი ანალიტიკოსისგან შემდგარი სადამკვირვებო მისიის მიგნებებს, რომლებიც 3 აგვისტოდან საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას აკვირდებიან. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ინსტიტუტი მოკლევადიან დამკვირვებელთა საერთაშორისო დელეგაციას ჩამოიყვანს. დელეგაცია სადამკვირვებლო საქმიანობისას დაეყრდნობა გრაძელვადიანი ანალიტიკოსების დაკვირვების შედეგებს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, NDI-ის დამკვირვებლებმა შეხვედრები ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. დამკვირვებლები ასევე დაესწრნენ საარჩევნო სუბიექტების კამპანიებსა და პოლიტიკური პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებს, იმ მიზნით, რომ შეეფასებინათ არჩევნებისთვის მზადების პროცესი, წინასაარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობები და ზოგადად საარჩევნო გარემო.
NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.