3 სექტემბერს, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან” აცნობეს, მეხუთე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 1-ელიდან 26 აგვისტოს ჩათვლით.
ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათ კომპეტენციაში შემავალი თითოეული სამართალდარღვევის შემთხვევაზე.
ანგარიშში ასევე ასახულია "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების თაობაზე.
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.