ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის იოსებ წიკლაურის დაკრძალვის ცერემონიალს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. მან ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.
იოსებ წიკლაურის დაკრძალვას პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ იოსებ წიკლაური ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა. ჯილდო, სიმბოლურად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გადაეცა.
იოსებ წიკლაური მშობლიურ სოფელში, საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დაკრძალეს. დაკრძალვაში ოჯახის ახლობლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოს-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ჩატარებულ სპეცოპერაციას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 3 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაიჭრა 5 სამხედრო. ოფიციალური ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი.