თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ პარტიულ, პროპორციულ სიაში ყოფნაზე მისი მხრიდან უარის თქმის მიზეზები დღეს „პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა.
ზაზა გაბუნიას თქმით, მას არ სჭირდება გარანტიები და სარეზერვო ვარიანტები კრწანისელების უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მხარდასაჭერად.
ზაზა გაბუნია: „მე არ ვიბრძვი სკამისთვის, მე ვიბრძვი კრწანისელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში მე მჭირდება კრწანისელების მხარდაჭერა და არა გარანტია თუ სარეზერვო ადგილი სიაში. ჩემს ორ წლიან საქმიანობას თბილისის საკრებულოში ხედავდნენ კრწანისელები , ისინი ხედავდნენ იმას რომ მე ენერგიას არ ვიშურებდი მათი პრობლემების მოსაგვარებლად და ამგვარ გულწრფელ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას ვპირდები მე კრწანისელებს მომავალაში, რათა მათი მხარდაჭერით მოვაგვარო კრწანისში არსებული ლოკალური და გლობალური პრობლემები".