ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათზე კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება.
"ცესკო მოუწოდებს ყველა სუბიექტს, დროულად წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისია ასევე მოუწოდებს კანდიდატებს, რომელთა თანამდებობებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რეგისტრაციაზე განაცხადების წარდგენიდან ორი დღის ვადაში გადადგნენ ან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან"- ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, პარტიული სიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 6 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კი კომისია პარტიულ სიებს და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ კანდიდატთა მონაცემებს გამოაქვეყნებს.
კომისიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს. აქედან ათმა პოლიტიკურმა სუბიქტმა უკვე წარმოადგინა პარტიული სია. ესენი არიან:
1. „სამართლიანი საქართველოსთვის"
2. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"
3. „ჩვენი ქვეყანა"
4. პ/გ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი'
5. პ/გ „ახალი მემარჯვენეები"
6. „მერაბ კოსტავას საზოგადოება"
7. „მომავალი საქართველო"
8. „საქართველოს მშრომელთა საბჭო"
9. „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება"
10. ეროვნულ დემოკრატიული პარტია
საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც მოცემული დროისთვის ცესკოში არ შემოუტანიათ პარტიული სიები:
1. პ/გ "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო"
2. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს"
3. "სახალხო მოძრაობა"
4. "სახალხო პარტია"
5. "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
6. "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი"
7. "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება"