ერთი დღე დარჩა ვადის ამოწურვამდე - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების და პარტიული სიები ხვალ, 18 საათამდე უნდა შეიტანონ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცესკო-ს სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გასატარებლად დრო 6 სექტემბრამდე აქვს. ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ქართული დასისა" და „სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები მივიდნენ და საარჩევნო სიები წარადგინეს.
ამ დროის მინაცემებით, ცესკოში პარტიული და მაჟორიტარული სია ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია დღეს პირველმა „ახალმა მემარჯვენეებმა" წარადგინეს. „მემარჯვენეების" სიის პირველი ნომერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით გამყრელიძეა.
პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, სიაში დაცულია გენდერული ბალანსი და სიის ყოველ ათეულში სამი ქალია. „ახალ მემარჯვენეებს" მაჟორიტარობის კანდიდატი 54 ოლქში ჰყავს, ხოლო სულ პარტიულ სიაში 149 ადამიანია.
კომისიას საარჩევნო სიით მიმართა პარტიამ -„ თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა". სია 115- კაციანია და პირველი ნომერი აქ პარტიის ლიდერი მალხაზ გორგასლიძეა.