"ეროვნული და დემოკრატიული საქართველო - არა რუსეთს!", - ეს იქნება "ედპ-ს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის .
ედპ-ს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ეროვნულ-დემოკრატებისთვის" არსებობს პრინციპული პოზიციები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და მის სახელმწიფოებრიობასთან.
"მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის კვლავაც რჩება რუსული პოლიტიკა, რომლის მიზანია, საქართველომ უარი თქვას თავის საგარეო პოლიტიკაზე, უარი თქვას უსაფრთხოებასა და თავის სუვერენიტეტზე", - განაცხადა ქარდავამ და დასძინა, - ჩვენი პრინციპები და ჩვენი საქმიანობა გათვლილია გრძელვადიან გეგმაზე, ამიტომაც, ჩვენ გვსურს იგივე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საქართველოს განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის რუსეთი და ჩვენი წინასაარჩევნო გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება "ეროვნული და დემოკრატიული საქართველო, არა რუსეთს!".
დღესვე ბაჩუკი ქარდავამ პრეზენტაციაზე პარტიული სია და ედპ-ს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. სიის პირველი ნომერი ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავაა.
"ეროვნულ-დემოკრატებმა" საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გურამ ჩახვაძე დაასახელეს. ვაკეში - გელა კვაჭანტირაძე, ჩუღურეთში - ნონა ახალბედაშვილი, მთაწმინდა - სიმონ კოპაძე, გლდანი - რუსუდან კიკალიშვილი, ზუგდიდში - კახა ჯიქია იქნება, სენაკში - უტა ლიპარტია, ქუთაისში - შოთა ინანეიშვილი, წყალტუბოში - მიხეილ ჟორჟოლიანი, ლანჩხუთში - მერაბ ჩხაიძე, რუსთავში - გოჩა ცეკვაშვილი, ბოლნისში - ბესო ნებიერიძე, თელავში - ზურაბ ქოჩიშვილი.
საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს ედპ-ს პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი.