ბიძინა ივანიშვილის მიერ უსაფუძვლო მოთხოვნების დაყენება გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების" მიზანია არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევა, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა,
მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია, გაიმარჯვოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამის საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება თუნდაც ის, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკვე განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას.
"ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ამავე დროს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და ძალადობისაგან - აღიარონ არჩევნების შედეგები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დადასტურდება", - განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ქცევის კოდექსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე შედგა. კოალიცია „ქართული ოცნება" კი უარს აცხადებს სრულად გაიზიაროს ამ დოკუმენტში ასახული პრინციპები.
"კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს და სცემს პატივს, თუ დაკმაყოფილდება მის მიერ წამოყენებული პირობები, რომელთაგან უმეტესობის შესრულება საქართველოს სახელმწიფო უწყებებისგან წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონების მოქმედების შეჩერებას მოითხოვს", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.