პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი" კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი" მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებს დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ მათი მხრიდან იყო შემოთავაზება პარტიულ სიაზე და კიდევ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც. თუმცა, მოცემული შემოთავაზებები შეიცავდა მორალური ხასიათის ხარვეზებს და ჩვენ დღემდე ვცდილობთ ჩვენს შორის მიღწეული შეთანხმება იყოს გამართლებული მორალურადაც და პრაგმატულადაც. რაც შეეხება მოლაპარაკებების შეწყვეტას ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები, რომ ჩვენს შორის მოლაპარაკებები შეწყდა და დღემდე ვცდილობთ ყველა საკითხზე შეთანხმებას. ჩვენს შორის არსებული ბოლო შეთანხმების მიხედვით 2 აგვისტოს უნდა შემდგარიყო ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, ხოლო 2 აგვისტომდე შევთანხმდით რომ არ გავაკეთებდით კომენტარებს. თუმცა, დღეს 31 აგვისტოა და ეს შეხვედრა არ შემდგარა. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას დღესვე შედგეს შეხვედრა, რომელიც ჯერ კიდევ 2 აგვისტოს იყო დაგეგმილი. რაც შეეხება, სიტყვა "ცდუნების" გამოყენებას, რაც ჩემის აზრით არ შეეფერება კორექტულ ურთიერთობას რაც ჩვენს შორის არსებობს, მე რომ ცდუნებაზე ადვილად ამყოლი ვიყო, მაშინ ახლა შემოთავაზებული სიის ათეულშიც ვიქნებოდი და „იმ სხვა საკითხზეც" დავთანხმდებოდი. ჩვენ პოლიტიკური გაერთიანებები "ქართული დასი" და "განახლებული საქართველოსთვის" მზად ვართ დღესვე შევხვდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მივაღწიოთ მასთან ერთად შეთანხმებას ერთიანობაზე, რათა ერთობლივად და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ კორუმპირებული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა, ეს შეხვედრა უკვე უნდა იყოს არა შუამავლების, არამედ პირადად ჩვენი შეხვედრა, რადგან უკვე მეორედ ვამჩნევ, გაფუჭებულ ტელეფონს და, რომ ჩვენს შორის წარმოებული მოლაპარაკებების ყველა დეტალი სწორად არ აღწევს ადრესატამდე". - ნათქვამია "ქართული დასის" განცხადებაში.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" საარჩევნო სია წარადგინა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, კოალიცია ამ სიას სთავაზობდა ჯონდი ბაღათურიას, მაგრამ ის ცდუნდა და ამაზე პირადად უარი თქვა.