სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, უფასო სადაზღვევო ვაუჩერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს. პროგრამის მიხედვით, დაეზღვევიან5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წლამდე ქალები და 65 წლამდე მამაკაცები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ან პირადობის ნეიტრალურ მოწმობას/ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს ფლობენ.
აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სადაზღვევო ვაუჩერის აღება "საქართველოს ფოსტის" ზუგდიდში მდებარე განყოფილებაში, ხოლო ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ გორის განყოფილებაში შეუძლიათ.
სადაზღვევო ვაუჩერის მისაღებად საკმარისია საქართველოს პირადობის მოწმობის, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის/პირადობის მოწმობის წარდგენა. 0-5 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში სადაზღვევო ხელშეკრულებას ბავშვის მშობელი ან მეურვე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის/პირადობის მოწმობისა და ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენის საფუძველზე გააფორმებს.
სადაზღვევო ვაუჩერი შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას მოიცავს: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება; გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები; სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა; გეგმური და გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება; გეგმური ქირურგიული ოპერაციები - სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა - სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები; ამბულატორიული სამკურნალო საშუალებები.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის უფასო სახელმწიფო პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება