აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკომისიამ გამოყო ახალი დაფინანსება საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და ასევე იმ ინსტიტუტების განვითარებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მომზადებაზე.
პროგრამის პირველი ნაწილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე ფერმერთა ასოციაციებს. ის ხელს შეუწყობს სამთავრობო ინსტიტუტების მომზადებას სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე უფრო ეფექტურად რეაგირებისათვის. ის ასევე ხელს შეუწყობს კერძო ფერმერთა ასოციაციებს, ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას ტრეინინგებისა და ტექნიკური კონსულტაციის მეშვეობით.
პროგრამის მეორე ნაწილი ხელს შეუწყობს საქართველოში ინსტიტუციურ რეფორმას და გააძლიერებს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (ახალი პარტნიორობა, რომელიც შეიქმნა ამ სივრცეში ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით) მომზადებაზე. ეს მოიცავს მოლაპარაკებების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების რჩევითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფას, ასევე სპეციალიზირებული ლაბორატორიებით ისეთი ინსტიტუტების აღჭურვას, როგორიცაა, მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტო, მომავალში ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით.