საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 29 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტს შეადგენს.
ივლისის თვეში დაბალი იყო ინფლაციისა და საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზების მიხედვით ინფლაცია მიმდინარე წელს და მომავალი წლის დასაწყისში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს მომავალი წლის მეორე ნახევარში მიაღწევს.
ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მესამე კვარტალშიც, წლის პირველი ნახევრის მსგავსად, მაღალ ზრდაზე მიუთითებს, თუმცა პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ ნულთან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ინვესტიციები განაპირობებს, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის შედარებით დაბალ რისკებს შეიცავს. კაპიტალის ფორმირების ზემოაღნიშნული მატება იმპორტის ზრდაზეც აისახა. აღსანიშნავია საინვესტიციო საქონლის იმპორტის მაღალი ზრდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა არ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2012 წლის 26 სექტემბერს გაიმართება.