"ნაციონალური მოძრაობა" მზადაა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა მიიღოს.
პარტიის პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით პირველი არხის პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე.
"ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ გამოვიწვიეთ ოპონენტები წინასაარჩევნო დებატებში, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას, დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.