თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა პოლიციისგან ე.წ. ტყვეობიდან გათავისუფლებული ხუთივე ახალგაზრდის სოფელში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პროტესტის ნიშნად გზას გადაკეტავენ.
„არანაირი, აბსულუტურად არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ, პირველ საათზე შეგვპირდნენ, ერთ საათში დააბრუნებენ ბავშვებს სახლშიო, იმის მერე გავიდა რამდენი საათი, არავინ არ ჩანს, არც ინფორმაციის მომწოდებელი და არც ბავშვები. ცუდზე არ მინდა რომ ვიფიქრო, კარგი არაფერი ხდება. ალბათ, უკიდურეს ზომებს მივმართავთ. როგორც აქამდე იდგა მთელი სოფელი ჩვენს გვერდით, ახლაც დადგება მთელი სოფელი ჩვენს გვერდით და მოვითხოვთ, რომ ან მოგვცენ ზუსტი ინფორმაცია რა ხდება, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი ან გადავკეტავთ ამ გზებს. ეს არის ჩვენი პროტესტის უკიდურესი ზომა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი გატაცებული ახალგაზრდის ტატო აღულიშვილის მამამ მინდია აღულიშვილმა.
სოფელ ლაფანყურის ტყიდან, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, 5 ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, დილით პირველად ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2"-მა და „იმედმა" გაავრცელეს. მათი ცნობით, მოსახლეობა და პოლიცია 25 წლამდე მამაკაცებს, ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო აღულიშვილს და თამაზ გამიერაშვილს მესამე დღეა ეძებდა. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს. გუშინვე, თელავის გამგებელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები იპოვეს და უვნებლები არიან. საღამოს, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დევნის მიზნითაც სპეცოპერაცია დაიწყო. ლოპოტას ხეობა მთლიანად შსს-ს ქვედანაყოფებს აქვთ ბლოკირებული.