„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე დღეს ელიას მთაზე ნიაბის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ვეფხვაძის განცხადებით, ადგილობრივების ძირითად პრობლემას წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება წარმოადგენს, რის შედეგად სასმელი წყალი ქუჩაში იღვრება, მოსახლეობას კი მაინც უწევს წყლის მაღალი გადასახადის გადახდა.
მისივე თქმით, დასახლებაში ასევე კანალიზაციის არ არსებობის გამო ფეკალური მასები პირდაპირ ქუჩაში მოედინება, რაც ადგილობრივების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.
„დღეს შევხვდი ნიაბის ქუჩის მოსახლეობას, რომლის ძირითად პრობლემას წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალის გაუმართაობა და კანალიზაციის არ არსებობა წარმოადგენს. მე მოვუწოდებ გიგი უგულავას პირველ ოქტომბრამდე მოაგვაროს აღნიშნული პრობლემები." განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა რომ პირიველი ოქტომბრის შემდეგ, „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებზე სამართლიანი ტარიფები დაწესდება, რაც მოსახლეობას ცხორების პირობებს გაუმჯობესებს.