შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-9 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (სამეურნეო ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა) რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი გემი "SIBIRSKIY-2128 " დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვიქტორ კირიაკოვის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
26 აგვისტოს, ვიქტორ კირიაკოვს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 605 (ექვსას ხუთი) ლარის ოდენობით.