"სასურსათო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევისათვის" აჭარამ გასულ წელს 38 500 ლარი დახარჯა. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ემს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანს ადგილობრივ ბაზარზე უხარისო სასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილის შემცირება წარმოადგენდა.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ 2007-2008 წლებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში ჩატარებულმა მონიტორინგის შედეგებმა უჩვენა, რომ სამომხმარებლო ბაზრებზე უხარისხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში საკვები პროდუქტების ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია, რის გამოც არაკეთილსაიმედო სიტუაციაა შექმნილი საკვებით გადაცემადი ინფექციური დაავადებების გავრცელების მხრივ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების ჯანმრთელობაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შესყიდული იქნა სასურსათო პროდუქციის 222 საანალიზო ნიმუში: აქედან ბათუმში -210, ქობულეთის მუნიციპალიტეტში -12.
საანალიზო ნიმუშები ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისათვის გადაიგზავნა შპს ,,სპექტრის'' ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ სავაჭრო ობიექტში, ,,მითანა''-ს მოხარშული ძეხვი ,,მსუყე'', ,,ზეიკიძე''-ს სოსისი მოხარშული ,,სამოყვარულო'', შპს ,,დიმკა''-ს წარმოებული სოსისი მოხარშული ,,ივერია'' და ,,მალოჩნი'', ირანული წარმოების საღეჭი რეზინი ,,პარასტო'' პიტნის არომატით - ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამებოდა ჰიგიენურ მოთხოვნებს, რის გამოც პროდუქცია განადგურდა. ხოლო მწარმოებელ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გაეგზავნათ მიწერილობები არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.