ფინანსთა სამინისტრო "ხალხის პარტიის" ლიდერს სუპერმარკეტების მოვაჭრეების განზღახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადების დადება სავალდებულოა, რათა პროდუქციის აღწერა მოხდეს.
"როდესაც სუპერმარკეტის მფლობელი დისტრიბუტორისაგან პროდუქციას იბარებს, დისტრიბუტორიცა და მეწარმეც ვალდებულია პროდუქციის სასაქონლო ზედნადების გამოწეროს. ეს საბუთი მნიშვნელოვანია იმით, რომ დისტრიბუტორს აქვს ოფიციალური საბუთი თუ რა რაოდენობის პროდუქცია გაყიდა, ხოლო მეორე მხრივ, მოვაჭრეს ხელთ აქვს საბუთი თუ რა მოცულობის საქონელი ჩაიბარა შემდგომი რეალიზაციისათვის. რაც შეეხება მოვაჭრისა და მყიდველის ურთიერთობებს, მყიდველს უფლება აქვს საჭიროებისამებრ მოვაჭრისაგან ანგარიშფაქტურა ან ზედნადები მოითხოვოს. აქ საუბარია, ანგარიშწორების დოკუმენტზე, რომელიც ყველა მეწარმეს უნდა გაჩნდეს", _ განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ "კიდობანთან" ბაზრობებისა და სუპერმარკეტების მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებს "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი შეუერთდა. მისი განცხადებით, ის მოვაჭრეებთან ერთად იმ საგადასახადო ცვლილების გაუქმებას მოითხოვს, რომელიც მათ ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადების დარიცხვას ავალდებულებს. მომიტინგეები ხვალ, 2 თებერვლას, საპროტესტო აქციის გამართვას უკვე პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ.