თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდა . მერიის პრესსამსახურის ინფორმაიით, სტუდენტური დასაქმების პროექტ summer job-ის განხორციელებაში თბილისის მერია აქტიურად მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში, მერიის საქალაქო სამსახურებში და სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულში 10 000-მდე სტუდენტი დასაქმდა. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, სხვადასხვა სახის სამუშაოს შეასრულებენ და ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისი მერია ახორციელებს. ეკოკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში 600-მდე სტუდენტი დასაქმდა. სტუდენტური დასაქმების პროექტი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები