ცნობილი ინდური ბლობასტერის "BILLA"-ს მეორე ნაწილის გადაღებების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით ინდოელი პროდიუსერები კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში და უკვე დაწყებულია ახალი ფილმის გადაღებები. ამჯერად მიმდინარეობს მუშაობა ისტორიული ჟანრის ფილმზე- "Irandam Ullagam"- "სხვა სამყარო".
ფილმის ბიუჯეტი შეადგენს 5 მილიონ აშშ დოლარს. ფილმზე მუშაობს ინდოეთის გამორჩეული და წარმატებული რეჟისორი სელვა რაჯავან კრიშანამურტი, მთავარ როლებს კი ინდოეთის ძვირადღირებული და პოპულარული ვარსკვლავები ასრულებენ. ამასთანავე პროექტზე მოწვეულია "ჰოლივუდის" ერთ-ერთი წამყვანი გრაფიკოს-სუპერვაიზორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმზე, როგორიცაა "ავატარი". ქართული მხრიდან პროექტში ჩართულია 50 პროფესიონალი კინემატოგრაფისტი (გადამღები პერსონალი). ინდოელი პროდიუსერები აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან, მათ შორის სტუდიასთან "მეტრო" და "ქართულ ფილმთან".
ფილმში მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეების საქართველოში. სცენებში ფიგურირებს ქართველი მეფე მისი ერთგული ჯარით. ფილმი მდიდარია ბატალური სცენებითა და ‘3დ' გრაფიკით. გადაღებები ბოლო მიმდინარეობდა 2 თვის განმავლობაში, გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა საქართველოს ყველა რეგიონი და ღირშესანიშნავი ადგილები. რიგი სცენების გადაღებები განხორციელდა თუშეთში - დართლოში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, შუა საუკუნეების სოფლის სიუჟეტებისათვის; ჯავახეთში - ვარძიის კომპლექსში და მიმდებარე ტერიტორიებზე, ახალციხეში - განახლებული რაბათის ციხეში, ასევე კახეთში - ალავერდსა და სიღნაღში.
ისტორიული ჟანრის ფილმის გადაღებებისას საქართველოში ინდოელი პროდიუსერების პარტნიორია სტუდია "მეტრო," რომელიც უზრუნველყოფს ინდურ მხარეს მაღალი ხარისხის აპარატურით და ასევე კოორდინაციას უწევს ზოგადად გადაღებების დროს დამატებითი პერსონალის თუ მომსახურების ჩართვას. ფილმის გადაღების პროცესი მეტად საინტერესოა, რადგან ხდება ფირზე აღბეჭდვა. სწორედ ამ მიზეზით პროცესში ჩაერთო "ქართული ფილმი"-ს თანამედროვე კინოლაბორატორია, რომელიც 2006 წელს იქნა შეძენილი და "Iრანდამ Uლლაგამ" არის მესამე პროექტი, რომელსაც აღნიშნული ლაბორატორია მოემსახურება.
ლაბორატორიის თანამშრომლების დაქირავება ხელახლა განხორციელდა 4-წლიანი პაუზის შემდეგ. ლაბორატორიაში მომუშავე პროფესიონალები უზრუნველყოფენ ნეგატიური ფირის მიწოდებას, გამჟღავნებას და მის სკანირებას ერთ შუქში HD რეზოლუციით. ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ მენაღარიშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში მოხდება ახალგაზრდების სტაჟირება იმისათვის, რათა ახალი თაობა ამ რთულ პროფესიას დაეუფლოს და სტუდიაში მომუშავე პროფესიონალების მრავალწლიანი გამოცდილება გაიზიაროს.
ფილმისათვის მსახიობების შერჩევა უზრუნველყო მსახიობთა სტუდიამ " G art"-მა. სულ ფილმში 70-მდე ქართველი მსახიობი და 50 კასკადიორი მონაწილეობს, ხოლო რამდენიმე სცენაში 300-მდე ადამიანი იქნება გადაღებული. მსახიობთა ნაწილს ინდურის სწავლაც მოუწევს სხვადასხვა ეპიზოდების ბუნებრივად გადაღების მიზნით.